თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა

აღწერა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2-5 ოქტომბერს იტალიის საელჩოსთან ერთად წარმოგიდგენთ ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოებს.

საღამოები გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში (შოთა რუსთაველის გამზ. 3), სადაც თქვენ გელით გამოფენა „ფედერიკო ფელინის "8½" პოლ რონალდის ფოტოსურათებში", რომელიც წარმოადგენს ამ ფილმის გადასაღები მოედნის, თავად რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებლის, მარჩელო მასტროიანის ამსახველ 30 ფოტოსურათს და ოთხი კინოსეანსი. ნაჩვენები იქნება ფელინის კინოშედევრები: “ამარკორდი” ,“8 ½”, „ტკბილი ცხოვრება“და ქართული დოკუმენტური ფილმი „გამარჯობა, ქარი ქრის“, რომელიც ტონინო გუერას ეძღვნება.

ფედერიკო ფელინის და ტონინო გუერას ყველაზე ცნობილი ერთობლივი ნამუშევარი “ამარკორდი“ 1973 წელს შეიქმნა. ფილმი ნახევრად ბიოგრაფიულია, მისი სათაური „ამარკორდი“ ემილია რომანიას დიალექტზე ნიშნავს „მე მახსოვს“. ფელინიმ და გუერამ ის საკუთარ მოგონებებზე ააგეს. ფილმი მოგვითხრობს მოზარდზე, რომელიც ფელინის მშობლიურ ქალაქ რიმინისთან ახლო მდებარე პატარა სოფელში, უცნაურ და ექსცენტრიულ გარემოში იზრდება, რომელიც კარგად ასახავს მუსოლინის დროინდელ იტალიას. „ამარკორდს“ 1975 წელს მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმისათვის

ფილმი „8 ½“ (1963 წ.) მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ უდიდესი შედევრი და ფელინის რეჟისორული ოსტატობის მწვერვალია. ფილმის მთავარი პერსონაჟი იტალიელი კინორეჟისორი გვიდო ანსელმია (მის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებს), რომელსაც ეპიკური ჟანრის ფილმის გადაღება სურს, მაგრამ ჩანაფქრის შესრულების შესაძლებლობას მას შემოქმედებითი კრიზისი არ აძლევს. კინოფილმს „8 ½“ 1964 წელს მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმისათვის და საუკეთესო კოსტიუმებისათვის.

„ტკბილი ცხოვრება“ (1960 წ.) მოგვითხრობს იტალიელ ჟურნალისტ მარჩელო რუბინიზე, რომლის როლს მარჩელო მასტროიანი ასრულებს. ფილმში ასახულია ყვითელი პრესის ჟურნალისტის შვიდდღიანი მოგზაურობა რომში, სიყვარულის, ბედნიერების და „ტკბილი ცხოვრების“ საძიებლად. ფილმი შედგება პროლოგისგან, შვიდი ეპიზოდის, ინტერმეცოსა და ეპილოგისაგან. ფელინის ამ ფილმმა 1960 წლის კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. გარდა ამისა, მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო კოსტიუმებისათვის. „ტკბილი ცხოვრება“ მიჩნეულია მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთ უდიდეს შედევრად.

სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმი „გამარჯობა, ქარი ქრის“ ეძღვნება იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს - ტონინო გუერას, მოიცავს ფრაგმენტებს მისი ბიოგრაფიიდან და აერთიანებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც გადაღებულია რეჟისორ მიხეილ მრევლიშვილისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ როგორც მაესტროს სიცოცხლეში, ასევე, მისი გარდაცვალების შემდეგ. ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო და მისი სათაური „გამარჯობა, ქარი ქრის“ ტონინო გუერამ თბილისში, 2000 წელს, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გამართულ მასტერკლასზე გააჟღერა. ფილმში ტონინო გუერას იხსენებენ თანამოაზრეები, რომლებიც მასთან სხვადასხვა დროს მუშაობდნენ და რომელთა მოღვაწეობამ უდიდესი კვალი დაამჩნია თანამედროვე მსოფლიო კულტურას: ვიმ ვენდერსი, ფრანჩესკო როზი, ჯუზეპე ტორნატორე, პაოლო და ვიტორიო ტავიანები, თეო ანგელოპოლუსი,კარლა ფრაჩი და სხვა ბევრი თვალსაჩინო მოღვაწე. ფილმი განხორციელდა მაესტროს მეუღლის, ლორა გუერასა და შვილის, კომპოზიტორ ანდრეა გუერას დახმარებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით

ფილმები ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული სუბტიტრებით

•••

საშვი